ჯერ დიდი თამარის დროს გამობრწყინდა მისი სახელი–შალვა თორელი ახალციხელი. იგი უპირველესი გმირი იყო სახელოვანი შამქორის ომისა, როცა მან თურქთა შუაგული გაარღვია, ხალიფასაგან წარმოგზავნილი სახელმწიფო დროშა გამოიტაცა და დროშა, იგი, ტფილისში, გამარჯვების აღსანიშნავ ტრიუმფზე, თვითონ თამარ მეფეთამეფის ფერხთა წინაშე დააფინა. შალვა ახალციხელი ქალი-ხელმწიფის მთავრობაში მანდატურთუხუცესობის მფლობელი გახდა.
შამქორის შემდგომ, თამარის დროის მრავალ ბრძოლათაგან, ყველაზე დიდი მაინც ბასიანის ომი იყო, და აქაც კვლავ შალვა ახაციხელმა დაჩრდილა ყველა თავისი საკვირველი სიმამაცით და საზრიანობით.
თამარის დროს მისი ძის, გიორგი-ლაშას დროს შეენაცვლა, ხოლო მანდატურთუხუცესი შალვა ახალციხელი რჩებოდა პირველ გმირად, ბრძოლის ველზეც და სახელმწიფო ასპარესზზეც. გიორგი ლაშას მარჯვენა ხელად ახლდა ხლათსა და კარნუ-ქალაქზე ლაშქრობისას , ამის შემდგომ კეჩროლის დასაპყრობად წარგზავნა მეფემ შალვა ახალციხელი.
წავიდა შალვა,აიღო კეჩროლი და მოაქცია იგი ქართულ სამფლობელოთა სამანეში.
და სწორედ მაშინ განეფინა ქვეყანაზე საქებელი შალვა ახალციხელისა: ,,არვინ არს კაცთა შორის მისებრი ჭაბუკი და მეომარი“...
საომარ ველზე და სახელმწიფო კარზე, შალვას მისი საფერი ღირსებით მოსდევდა მისივე ძმა ივანე ახალციხელი. თამარის დროსვე ქალაქ კარის მმართველობა და მენაპირე სარდლობა მიიღო, მალე ათაბაგობა და ამირთამირობა უბოძა თამარმა ივანეს. მერე, ბასიანის ომშიც ივანე დიდი სიმამაცით იბრძოდა თავისი გმირი ძმის გვერდით.
ძმათა ახალციხელთა აღზევება გულს უკლავდა და ურისხებდა ძმათა მხარგძელთა, ზაქარიას და ივანეს. როცა ზაქარია მოკვდა და ივანე მხარგძელმა ათაბაგობა და ამისპასალარობა მიიღო, იგი თავის მეტოქედ აღარავის თვლიდა, თვინიერ შალვა ახალციხელისა.
უკვე ასაკმორეული მხარგრძელის ბოღმა ახალგაზრდა ახალციხელისადმი გაიზარდა და გასივდა მაშინ, როცა ამ ქვეყნად აღარ იყვნენ აღარც თამარ შვიდმნათობიერი და აღარც გიორგი ლაშა, არამედ--როცა საქართველოს სამეფო ტახტზე იჯდა რუსუდანი.
სწორედ მაშინ, რუსუდანის გამეფების მეორე და ქორწინების პირველ წელს მოხდა, რომ მონღოლთაგან დამარცხებულმა და შევიწროებულმა ყივჩაყებმა დაუოკებელი მოწოლით დარუბანდის კარები გამოარღვიეს და საქართველოს ქვეშევრდომი შირვანის მთა-ბარს მოედვნენ და მოენთნენ. ყაბალა აიღეს და განძამდე მოატანეს ძარცვითა და ტყვევნა-ჟლეტით. განძის ამირა, ქუშხარა, მოყვარულად შეხვდა მომთაბარეებს. მან ყივჩაყები ქილქუნის მიდამოებში დაასახლა. ალბათ, მათთან კავშირით განძელი ამირა ქართველთა ბრძანებლობისაგან თავდახსნას აპირებდა.მომთაბარე მძარცველ ურდოს ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება არ შეეძლო და ყივჩაყები საქართველოსკენ წარმოიმართნენ საძარცვად.
გაეგება ათაბაგი და ამირსპასალარი ივანე მხარგრძელი მტერს, მაგრამ დამარცხდა და უკუიქცა იგი. მდიდარი ნაძარცვითა და ნატყვენავით დატვირთულმა და ქართველთა მოულოდნელი მარცხით გათამამებულმა ყივჩაყებმა ქუშხარას გამაფრთხილებელ რჩევას არ დაუჯერეს და ხელმეორედ და უფრო გულმოცემულად წამოვიდნენ საქართველოსკენ.
ახლა კი შალვა ახალციხელი უჩინა სარდლად ლაშქარს რუსუდან დედოფალმა.
და შეაგება შალვამ ქართველები ყივჩაღებს.
და შეიბნენ.
ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს მტერი მაოხრალი.მრავალი ყივჩაღი გაწყვიტეს, ბევრი ტყვედ აიყვანეს ყივჩაღთა ბელადმა ძლივს გაასწრო სიკვდილს და თავლაფდასხმული დაბრუნდა ქილქუნის ბანაკში.აქედან მან ქუშხარს კაცი მიუგზავნა, მასთან შეხვედრა და ქართველთა წინააღმდეგ ერთიანი ძალებით გასვლა ითხოვა. უკვე ქართველთა გამარჯვებით დამფრთხალმა განძელმა უარით უპასუხა:ჩემი რჩევა თავის დროზე არ დაიჯერეთ და რაც დაგემართათ, თქვენს თავსვე დააბრალეთო. მაშინ ყივჩაღებმა ადგილობრივ მუსულმანთა ხოცვა-ჟლეტა გააჩაღეს, აგრამ ქართველებმა აღარ დააცადეს. შალვა ახალციხელს ომის ჟამს პაუზები არ უყვარდა და უწყვეტი იერიშებით მიაწვა მტერს. ყივჩაღები ისევ იძლივნენ და უკუიქცნენ ჩრდილოეთისკენ.
კვალში ჩაუყენა შალვამ ქართველები და შირვანელები გაქცეულ მტერს. აუარებელი ყივჩაღი გაწყვიტეს, ან დაატყვევეს. შირვანისა და დარუბანდის ბაზრებზე ტყვე-ყივჩაღი ჩალის ფასად იყიდებოდა.
მხარგრძელს ახალციხელის ბოღმა ახრჩობდა. მით უფრო, რომ იმავე წელს ზედიზედ შეირცხვინა თავი ივანე ათაბაგ--მხარგრძელმა. ჯერ სარმართან სასტიკად დაამარცხეს იგი თურქებმა, ხოლო მეორედ, დვინთან, კიდევაც დაამარცხეს, კიდევაც დაატყვევეს და ბორკილდადებული წაიყვანეს.
რუსუდან მეფემ მაშინ ძლივს გამოიხსნა სამარცხვინო ტყვეობიდან თავისი მთავარსარდალი...
მაგრამ ყველაზე უარესი უბდურება თურმე წინ იდო და, თანაც--უბედურება მთელი ერისა, და არა ოდენ ,,კეთილ“ თუ ,,ბოროტ“ კაცისა.
ეს იყო ჯალალ ად-დინ, ხვარაზმის შაჰის მუჰამედის ძე, მამაცი დათავზეხელაღებული თურქმანი. იგი ერთბაშად გამძლავრებული ჩინგის ყაენის მონღოლ თათრებმა სძლიეს და გამოაქციეს. ჯერ ინდოეთს გაიქცა, მერე ირანს დაბრუნდა,აღმოსავლეთ ირანი სრულიად დაიპყრო, გაიერთგულა,და აქედან, კასპიის სამხრეთიდან შემოვლით, ადარბადაგანისაკენ წამოემართა.
დასავლეთისაკენ ამხედრებულ ჯალალს დაწვრილებითი ცნობები ჰქონდა ქართველთა საუკუნოვანი უძლეველობისა და აზიაში მათი პირველობის შესახებ.უეჭველად ესეც კარგად იცოდა მონღოლთაგან მარცხნაჭამმა და მათგან ლტოლვილმა ჯალალმა---ქართველები აღმოჩდნენ პირველნი,რომელთაც თავიანთ ბექთარზე აისხლიტეს და ქართული ჯვარდნებით უკუაქციეს ყოვლისწამლეკავად აგორებული მონღოლურ-თათრული ტიაფუნი.
ქართველთა სისხლი მოსწყურებოდა მონღოლთაგან ძლევით გულადუღებულ თურქმანს. მართლაც და, როგორ აღამაღლებდა მას, მონღოლთაგან ძლეულს, ძლევა მონღოლთა მძლეველისა!
მოდიოდა ჯალალ ად-დინი, მოდიოდა და მოუწოდებდა ყველა მუსულმანს ,,ცისქვეშეთში“---იარაღი აიღეთ ქართველ ქრისტიანთა წინააღმდეგ საღვთო ომშიო. და ზედიზედ შეუერთდნენ ირანის ქალაქები. გამოჩენისთანავეეყმო ქართველთაგან თავზარდაცემული ადარბადაგანის ათაბაგიუზბეგი.ჯალალმა რუმისა და შამის სულთნებთანაც ელჩი აფრინა და შეუთვალა:მთელი ირანი და ადარბადაგანი ქართველების ბრჭყალებს გამოვგლიჯეო, ახლა თვითონ საქართველოსკენ მივეშურები და სისხლსა და ხანძარში უნდა ჩავახრჩო ეს მუსლიმანთა დამანგრეველ-დამამცირებელი ქვეყანაო. ხოლო, თქვენთაგან მხოლოდ კავშირი და მეგობრობა მწადიაო.
თბილისშიაც მოვიდა ჯალალის მოქცეული. მოვიდა საომარი წვევით.
რუსუდან მეფის კარმაც ასეთი პასუხი გაატანა იმ ელჩს მეუფესთან:მამაშენი მუჰამედი შენზე ძლიერიც იყო და შენზე მამაციც, მაგრამ შენ უკეთ მოგეხსენება, რა დღეც დამართეს მას და თქვენს ქვეყნებს თათრებმა. ახლა ისიც გეცოდინება:იგივე თათრები ჩვენც მოგვადგნენ, მაგრამ ჩვენ მათ სულ კუდით ქვა ვასროლინეთო.
ეს უპასუხეს და დინჯად, თვითდაჯერების შეუდგნენ იარაღის ასხმას. მაგრამ ვაი, რომ არც სიდინჯისათვის და არც თვითდაჯერებისთვის დრო აღარ იყო.
ელვასავით წამოვიდა ჯალალ ად-დინი. 200 000 მუსულმანმა მხედარმა გადმოლახა საქართველოს სამფლობელოთა საზღვარი არაქსის ხეობაში.სომხითში შემოიჭრნენ და დვინის მისადგომებს შემოენთნენ ცეცხლითა და რკინით, ,,ხოცად და მოსრვად ქრისტიანეთა.ესრედ უწყალოდ მოსრვრიდეს,რომელ არც თუ დედათა და ჩჩვილთა ყრმათა რიდებდეს".
შეიყარა ჯარი ქართველთა, ,,ყრმათა იმერთა და ამერთა". რუსუდანმა სეფე-დროშა გადასცა მთავარსარდალს-ივანე ათაბაგს.
უკვე სიბერე შესდგომოდა ივანეს, ფარულად მონაზნობასაც შესდგომოდა. მეომრული-იღბალიც" აღარ მოსდევდა ძველებურად. ეჭვი და შური ჩასციებოდა ბებერი სარდლის გულს: ძალიან შორს გადაესწრო მისთვის მამაცთა შორის უმამაცესსა და უკეთიშობილესს-შალვა ახალციხელს.
ახლაც იქ დგანან ისინი, მეწინავე თორელთა წინ. ისინი, ძმები შალვა და ივანე ახალციხელნი... (,,ჰოი,შური, ყოველთა ბოროტთა დასაბამი"-ჟამთააღ მწერელი)...1225 წლის აგვისტოს, დვინის ჩრდილოეთით,სოფელსა და ციხესიმაგრე გარნისთან,ერთი მეორის პირისპირ დადგნენ 200 000 მუსლიმანიდა 60 000 ქართველი.
ქართველები გარნისთან აღმართულ მთაზე იდგნენ ბანაკად, ხოლო ქვემოთ ფართოდ გაშლილი ველი ჯალალ ად-დინის მეომრებით გაჭედილიყო.
საღამო ხანი იყო, ბანაკებად რომ დადგნენ მოპირდაპირენი.
წყვდიადმაც მოიცვა ქვეყანა და მთელი ღამე ორივე მხრიდან ისმოდა ბრძოლის წინარე ნერვიული გნიასი და ყარყაში.
გათენდა.
ჯალალს საომრად დაელაგებინა ლასქარი. შუაში მძიმედ სეჭურვილი მხედრობა დაეყენებინა, მარჯვნივ-მშვილდმოისარნი, ხოლო მარცხნივ ქვეითი ჯარები,რომელთაც სარდლობა თვით ხვარაზმ-შაჰის ძმა, ღიას ად -დინი.
მთელი დღეც ასე პირისპირ დგომაში გაატარეს მტრებმა.ორივე მხარემ იცოდა თავისი სადგომის უპირატესობს და ორივე გამოსვლასა და შეტევის დაწყებას ერიდებოდა.მუსლიმანებს თავისი რიცხობრივი და ცხენოსან ძალთა უპირატესობის გამოყენება სწორედ იმ გსშლილ ველზე შეეძლოთ და არა მაღალ მთაზე,სადაც ქართველები დაბანაკებულიყვნენ. ასევე სახიფათოდ მიაჩნდა ქართველთა სარდლობას მთის დატოვება და ქვემოთ ფართო ველზე ჩამოსვლა, სადაც მას ურიცხვ მტერთაგან გარშემორტყმა და განადგურება ემუქრებოდა.
როცა ის დღეც ისევ უქმსა და დამქანცველ მოლოდინში განესრულა, საღამო ჟამს ჯალალ ად-დინმა თავისი კარავი წინ, მთის ძირის ახლოს გადააწევინა. თანაშემწე ხანებს, ემირებსა და სარანგებს მოუხმო და ბჭობა გამაეთა. როგორც ეტყობა მტერს საქმის გაჭიანურება და იმ მთაზე დარჩენა გადაუწყვეტიაო, ამიტომ ხვალ ჩვენ თვითონ გადავიდეთ შეტევაზე მთელი ძალებით, ხოლო, თუ ვინიცობაა, მტერმა იერიში დაგვასწრო, მაშინ ისრის მერეხით შევაკავოთო იგი,- ასე განაწესა ჯალალმა.
დილით ადრე იერიში ბრძანა ჯალალ ად-დინმა. ღიას ად-დინის წინამძღოლობით მთისკენ დაიძრა. დანარჩენებიც კვალდაკვალ მიჰყვნენ.
ივანე ათაბაგმაც უბრძანა მოწინავე ჯარს -თორ-ჯავახელებს-ჩაგებებოდნენ მტერს.
თორელებიც მაშინვე დაეშვნენ, იარაღის ზრიალით. წინ შალვა და ივანე ახალციხელები მიუძღოდნენ ხმალაღმართულნი.
როცა მოიერიშე მტერს მიუახლოვდნენ და თვალი ჰკიდეს, შალვა მაშინვე ამირსპასალართან შიკრიკი აფრინა და შეუთვალა: მტერი უთვალავი მოდის,ჩვენ შეუდარებლად უმცირესნი ვართ,ამიტომ გთხოვთ ისწრაფოთ და ჩამოგვეშველოთ მთავარი ძალებითო.
მაგრამ პასუხის მოსვლამდე უკავ დახევა არ უფიქრიათ ახალციხელებს.მათ,,აღარა რიდეს სიმრავლესა სულტნისა და სპათასა“ და „ ვითამ მხეცნი ზედა მიეტევნეს“.
„და იქმნეს ძლიერი ომნი“
ხოლო, ათაბაგისაგან არც მაშველი ჯარი ჩანდა, არც ბაიბური ისმოდა.
ხელმეორედ აფრინა მალემსრბოლი შალვამ ამირსპასალარ-ათაბაგთან.
აფრინა და კვლავ შეუტია მტერს გულგამხეცებით.
„განგრძელდა ომი.“
ზემოდან თავგანწირული დაწოლით აკავებდა თორელთა ერთი მუჭა ჯარი უწყვეტ ტალღებად მომდინარე მუსლიმანთა ათასეულებს.
ისევ არ ჩანდა ივანე მხარგრძელისგან არც მაშველი, ჯარი არც ბაიბური.
მესამედ აფრინა შიკრიკი შალვა ახალციხელმა.
თხელდებოდა ზღვარგადასული თავგანწირვით მორკენალ თორელთა რიგები.
მცხენები დაუხოცეს ორივე ძმას-შალვას და ივანეს.
ქვეითად იბრძოდნენ, იბრძოდნენ გავეშებით, სიკვდილთან გულგრილი წილყრით.
ისევ არ ჩანდა „გულმხეც“ მხარგრძელისგან არც მაშველი ჯარი, არც პასუხი.
აღარც ახალციხელები ფიქრობდნენ მასზე. ფიქრისთვისაც აღარ ეცალა საომარი ცეცხლით დამწვარ გონებას. ისინი მხოლოდ მტრის ჩაბალახიან თავებს ხედავდნენ და გაშმაგებით სცემდნენ მახვილებს „იმ ჩაბალახელს“. სცემდნენ და ეცემოდნენ „ჩაბალახები“, მაგრამ ისევ ჩნდებოდა ახალი, ჩნდებოდა და ამოდიოდა უთვალავი, ვითარცა თავები ზღაპრულ დევთა თუ ურჩხულთა გარდაკვეთილი კისრებიდან.
ბრძოლა შენივთდა.
ხოლო, „ვითარცა შენივთდა ძლიერად ომი, ხრმალნიცა ახალციხელთანი განტყდეს ჩაბალახსა ზედა“.
და შუაგადამსხვრეული ხმლებით იბრძოდნენ ახლა ახალციხელები.
ეცემოდნენ სისხლისგან დაცლილი უკანასკნელი თორელნი, ჯავახელნი.
ვინც გადაუერჩა, მახლობელ კლდისკენ ივლტოდა თავშესაფარად.
ივანე ახალციხელმა ვეღარ გაუძლო შემზარავ სასაკლაოსთან რკენას და ისიც უკუიქცა გაქცეულთა კვალდაკვალ.
უცებ უზარმაზარი ქვა-ლოდი დაეშვა კლდიდან, ელვასავით დაქანდა, დაეტაკა და გაიტანა ივანე ახალციხელი უსულოქმნილი.
შალვა იბრძოდა ისევ.
იბრძოდა, ვითარცა ჰერაკლე კენტავრებით გარშემორტყმული.
ბოლოს, ყოველი მხრიდან მიესივნენ მუსლიმანთა გუნდები,-მიესივნენ „სიმრავლითა ფრიადითა“.
მხოლოდ მხლის ვადა შერჩენოდა გმირს ხელში.
და მკერდი შეუნგრია უახლოეს თურქმანს, ვადა შორს გასტყორცნა და სისხლამოხეთქილ მკერდზე მიაფრინდა დაცემულს, სისხლი პეშშვით აართვა და სახეზე შეიქცა უცებ.
ასე ინება, რათა მისი სახე გაფითრებული არ ენახა მტერს.
ასე შეიპყრეს შალვა ახალციხელი, „რომელ არა ყოფილა კაცთა შორის მისებრი ჭაბუკი და მეომარი“.
მიიწურა და მიიჟამა ის ბოროტი დღე.
გარნისი ბრძოლა განესრულა.
ოთხი ათასი ქართველი იწვა უმეტეს მუსლიმან გვამთა შორის.
ივანე ათაბაგი კი ქართველთა ძირითადი ძალებით ხმლის დაუძვრელად გაშორდა ველს. იგი გაიქცა ბიჯნისს და იქ ჩაიკეტა, „საიმედოდ“...
...შალვა ახალციხელი წარუდგინეს გამარჯვებით აღტაცებულ ხვარაზმშაჰს. ყოველმა ადარბადაგანელმა და ნახჭევნელმა მუსლიმანმა იცნო მთელ აზიაში სიმამაცით სახელგანთქმული ქართველი გმირი. მაშინვე დაწვრილებით აუწყეს შაჰს ვინაობა შალვასი. იმდღევანდელი გმირობა და ვაჟკაცობა კმაროდა შალვას გასაცნობად.
დიდხანს აღტაცებული მდუმარებით ათვალიერებდა ჯალალ ად-დინი უმშვენიერეს ვაჟკაცს. და ჯერ ეს იფიქრა ჯალალმა:
„ადისტომელს ჰგავს ეს ქართველი“ (ადისტომი ყურანში იხსენიებოდა, ვითარცა უძლიერესი, უმამაცესი და ამპარტავანი ხალხი).
მერე ეს გაახსენდა სულტანს: შალცა ახალციხელი ხშირად ასე იტყოდა, თურმე-ნეტავ ჩემ დროს ყოფილიყო და სადმე მე შემომყროდა ისლამიტთა ყველაზე მამაცი ხალიფა ალი იბნ აბუ ტალიბი და ვაჩვენებდი ჩემი მკლავის ძალასო, მის სახელგანთქმულ ზულ-ფაყარსაც („ხერხემლის მკვეთელი ხმალი“) ჩემი ფოლადის ხმლით ჩალასავით მივულეწავდი და მის მონა-სპასაც ჩემს ცეცხლისმფრქვეველ შუზე ავაგებდიო.
-მაშ, შენა ხარ შალვა ახალციხელი?-ჰკითხა ჯალალმა.
შალვას არაფერი უპასუხია, არც შერხეულა. ან რა საჭირო იყო პასუხი, ისედაც ხომ კარგად იცოდნენ, ვინც იყო.
ავმა ღიმილმა დაუსერა სახე ჯალალს.
-სად არის შენი ვაჟკაცობა, შალვა ახალციხელი, სად არის შენი ხმალი, რომლითაც უნდა დაგემსხვრია ხალიფა ალის ღვთაებრივი ზულ-ფაყარი?
წამით თავის შუაგადამსხვრეული ხმალი გაახსენდა შალვას. მერე ჯალალს თვალი თვალში გაუყარა და მძიმედ ამოიგმინა„
-ჰაი დედასა, რომ ყველაფერი შენს ბედნიერმა ვარსკვლავად გადაწყვიტა!
ბედნიერმა ვარსკვლავმაო?!
ფიქრებმა ჩაითრიეს ჯალალ ად-დინი. მერე, როცა საფიქრალიდან გამოერკვა და გამოერჩა, ეს ბრძანა მკაცრად: პატივი მიეღო შალვა ახალციხელს და სამმართველოდ „მიენიჭოს ქალაქნი ადარბადაგანისანი“-მარადნი, სალმასი, ურმია და უშნუ.
მეორე დღეს სულტანი დვინისკენ დაიძრა. მისვლისთანავე აიღო დვინი. აიღო და იქაურ ყადის უბრძანა, მუსლიმანი მოსახლეობა ცალკე გამოეყო, ცოლო დანარჩენებს, ქრისტიანებს, მისდგა და ძარცვა და ჟლიტა.
დვინიდან ტფილისისაკენ აპირებდა გალაშქრებას, მაგრამ თავრიზიდან ამირა შერეფ ელმულკისაგან წერილი მოუვიდა, აქ შენს წინააღმდეგ შეთქმულება ეწყობაო. ჯალალი მაშინვე თავრიზს ჩავიდა, შეთქმულებაში ეჭვმიტანილნი ამოწყვიტა და ადარბადაგანი და ნახიჭევანი სასტიკად ააწიოკა.
თავრიზში გამგზავრებამდე ჯალალმა გარნისის ბრძოლისას მარჯვენა ფრთის (მშვილდმოისართა) მეთაურები დაიბარა და უთხრა:ბრძოლაში თქვენ თავი ვერ გამოიჩინეთ, ქართველთა შემოტევას კინაღამ გამოექეცით და, თუ გინდათ ეს ლაჩრობა გაპატიოთ, სანამ მე თავრიზიდან დავბრუნდები, საქართველოს სამხრეთ სამფლობელოებში რბევა-აწიოკება გააჩაღეთ და ჩემს დაბრუნებამდე ფეხი მაგრად მოიკიდეთო.
და სანამ ჯალალის ამირები ქართულ და სომხურ სოფელ-ქალაქებს არბევდნენ, მანამ სულთანის დავალებით მისმა სარდალმა, ორხანმა, საქართველოს ქალაქი განძაც წაართვა.
იმავე 1225 წლის დეკემბერში ჯალალ ად-დინმა ყველა წინასწარი სამზადისი საკმარისად ჩათვალა და უზარმაზარი მხედრობით თავრიზიდან თბილისისაკენ დაიძრა.
მდინარე არაქსთან მცირე ხნით კავრები დასცეს. და აქ მოულოდნელი ამბავი გამჟღავნდა:შალვა ახალციხელი თურმე მბილისში წერილებს აგზავნიდა და თანამემამულეებს საქართველოში ხვარაზმ-შაჰის გალაშქრების გეგმებს ატყობინებდა. ეს წერილები ჯალალის მსტოვრებს ჩაეგდოთ ხელში და კარავში მიართვეს მბრძანებელს.
უსაზღვრო რისხვამ აიტანა ჯალალ ად-დინი.
მაშინვე შალვაც შემოიყვანეს მისივ ბრძანებით.
გულის სიღრმევდე შეარყია დიდი მამულიშვილი ამ სამწუხარო ამბავმა. რასაკვირველია, ეს არ იყო წუხილი და შიში სიკვდილისა-ასეთ გრძნობას არც არასოდეს იცნობდა გული შალვა ახალციხელისა. არამედ მისი წუხილი იყო სამშობლო საქართველოზე, რომელსაც მან ბედისწერის ულმობელი ჩარევის წყალობით, ბოლომდე ვეღარ გაუწია ღირსეული მამულიშვილისთვის შესაფერისი სამსახური.
საქართველოს დაეპყრო სრულიად გონება შალვა ახალციხელისა. ამიტომ მას თითქოს არც გაუგია სასიკვდილო განჩინება ავზნიანი მუსლიმანი მბრძანებისა.
არც ის გაიკარა მისმა გონებამ, პატიებას, სიცოცხლეს და უმაღლეს წარჩინებას რომ სთავაზობდნენ, ოღონდ კი ქრიატიანობაზე ხელი აეღო და მაჰმადიანად მონათლულიყო.
ისევ საქართველოზე ფიქრს აევსო მისი გონება, მისი მზერა, მისი გული, მისი სისხლი, მისი ძვალ-ხორცი.
მდინარის პირას გაიყვანეს.
ისევ მისცეს არჩევანი-ან სიცოცხლე ან აღზევება, ქრისტიანობის უარყოფით, ან სიკვდილი დაუნდობელი.
ისევ სიკვდილი ამჯობინა გმირმა ქრისტიანობასა და საქართველოზე ხელის აღებას.
და შეხვდა სიკვდილს, სამშობლოსა და სარწმუნოებაზე ფიქრით ავსებული.
ჯალათმა ორივე ხელით მოიქნია მძიმე მახვილი.........
...თბილისისკენ უთვალავი მუსლიმური მხედრობა მოქროდა.
და ეს მაშინ, როცა იქ მტერს ვეღარავინ დახვდებოდა ვაჟკაცი-მსგავსი შალვა ახალციხელისა.
Saturday, January 24, 2009
Subscribe to:
Posts (Atom)